მეგობრებთან ერთად თოვლიანი გომბორის უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილს რომ მივადექი, ბერიკები შევნიშნე. წინ გადმოგვიდგნენ. საკრავებს დასცხეს და ცეკვა-თამაში დაიწყეს. შემდეგ ხელი გამოგვიწოდეს, რამე შემოგვწირეთო.

ისინი აქ სხვა დროსაც მინახავს, თბილისშიც კი, მაგრამ „ლიკანის“ სვეტის დასაწერად მათთან  გასაუბრება გადავწყვიტე. ფოტოაპარატის წინაშეც მშვენივრად იპოზიორეს და არც სიტყვაძუნწები აღმოჩნდნენ.  სიცივის მიუხედავად, თეატრალურ ნიღბებში გამოწყობილები საკმაოდ მხიარულობდნენ. ხელ-ფეხს ნამდვილი მსახიობებივით შლიდნენ. რომ არა მათი ჩაცმულობა, ეგებ მართლაც პროფესიონალი მსახიობები  მგონებოდა.

გომბორის ბერიკები ყვარლის გამგეობის სოფლებიდან - ჭიკაანიდან, ზინობიანიდან, მთისძირიდან ყოფილან. 6-7 წელია, რაც უღელტეხილს სცენად იყენებენ. იანვარ-თებერვალში სულ იქ არიან. ხან კვირაში ერთხელ ისვენებენ ხოლმე და როგორც ერთი ბერიკი რამაზი მეუბნება, „პურსა სჭამენ“.  2015 წელს შვიდნი მსახიობობდნენ, ადრე თხუთმეტნიც ყოფილან. ბატონებმა მითხრეს, რომ უფრო მეტი მხიარულების შესაქმნელად მომავალი წლისთვის ხალხს დაიმატებენ.

თითქმის ყველას ერთდროულად ვკითხე, სად მიჰქონდათ შეგროვილი ფული. რამაზმა მითხრა, გაჭირვებულ ბავშვებს ვეხმარებით და 10-20 ლარი სახლშიც მიგვაქვსო. ათასი კაცი რომ გეხმარება, შენც ხომ უნდა დაუდგე სხვას გვერდითო? - თქვა ერთ-ერთმა. სიკეთე სიკეთით უნდა გაგრძელდეს, მითხრა მურადმა, დოლზე ოსტატურად რომ უკრავდა. გარმონის ოსტატმა დათომ კი, ლუკმა ისე როგორ ჩაგვივა, სხვას ხელი არ გავუმართოთო.

გომბორის ბერიკებს თეატრალური ან მუსიკალური განათლება არ ჰქონიათ. მხოლოდ ერთი ყოფილა ხელოვნებასთან დაკავშირებული, მხატვარი,  თურმე სწორედ მას დაჰყავს ისინი ყვარლიდან. დანარჩენებმა თქვეს, რა ხელოვნება, რის ხელოვნება, მხიარული გლეხები ვართო. დათომ ამაზე გულიანად გაიცინა.

მერე ბავშვობის ამბები გაიხსენეს,  ჩვენს სოფელშიც კარდაკარ დადიოდნენ ბერიკები და ვისაც რა გვქონდა, ვწირავდითო. დიმიტრი, მეტსახელად ხუტას რომ უწოდებენ და ყოველ წელს გომბორზე ექიმის ხალათითა და ფონენდოსკოპით რომ მონაწილეობს, მეუბნება,  ბერიკაობის ტრადიცია არ უნდა დაიკარგოსო.  მისი გაქრობის შიში კი აქვთ.

ბერიკაობა უძველესი სანახაობაა. თავდაპირველად მას რელიგიურ-საკულტო დანიშნულება ჰქონდა. ხშირად განაყოფიერებისა და შვილიერების სადიდებლად და სათხოვნელად იმართებოდა. გვიან შუა საუკუნეებში ძველი მნიშვნელობა საყოფახოვრებო თემებით შეიცვალა. განასახიერებდნენ გლეხებისა და თავადების, ასევე, სხვადასხვა მოხელეების  ურთიერთობებსა და ასე შემდეგ. ბერიკები კარდაკარაც დადიოდნენ და წარმოდგენებს საგანგებოდ შერჩეულ ადგილებზეც მართავდნენ. წარმოდგენაში, როგორც წესი, ძირითადად,  კაცები,  უმეტესად, ბერიკაცები მონაწილეობდნენ. ერთი ვერსიით, სახელი „ბერიკაობაც“ ამას უკავშირდება, ის, ასევე, დაკავშირებული ყოფილა ძველქართულ სიტყვასთან „ბერ“, რაც შვილს ნიშნავს.

გომბორის თანამედროვე ბერიკები იმპროვიზებულად მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოდგენებში შინაარსი არ დევს, ყოველთვის პატივისცემით განმაწყობდნენ, მათ საქმეში   ქართული ტრადიციის შენარჩუნებას ვხედავდი.