მზე არ ჩანდა, ცა და დედამიწა თეთრი იყო, შუაში  წიფლის ხეები გამოკიდულიყვნენ. დილით მოსულ თოვლს საბადურის ტყის ულამაზესი შავ-თეთრი პეიზაჟი შეექმნა.

თოვლი წვივამდე დადებულიყო. ციოდა კიდეც, მაგრამ ბუნების სილამაზის ცქერით ისე გავერთე, დიდხანს არც ფეხსაცმელებში ჩასული თოვლისგან გამოწვეული სისველე მიგრძვნია. ჩემ გვერდით კორეის ტელევიზიის SBS-ის ოპერატორი იყო და გარემოს ხარბად იღებდა. სიზმარში ვარო, ამბობდა, თან, ინგლისურად „კარგია, კარგიას“ გაიძახოდა. წიფლის ტყით ისე მოიხიბლა, ცალკე მობილურით ფოტოებს იღებდა. ჩვენ თიანეთის გამგეობის სოფელ საყდრიონში ას  წელს გადაცილებული მოხუცების გადასაღებად მივდიოდით და საბადურის ტყეში ამიტომ მოვხვდით. გლდანულადან წამოვედით და ცხვარიჭამიასაც რომ გავცდით, აი, სწორედ მაშინ დაიწყო ეს ლამაზი ტყე. 

საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40 პროცენტი ტყეს უჭირავს, მაგრამ  ძალიან ცოტა ადგილი მომწონს ასე, მათ  შორისაა შუამთის, ბაწარას, ზეგაანისა და გუდარეხის ტყეები.

საბადურის ტყე თბილისიდან (გლდანიდან) 20 კმ-ში იწყება და ღულელებამდე ჩადის. მას  შუაზე 8 კილომეტრიანი ასფალტიანი გზა ჰყოფს. მისი ფართობი დაახლოებით 5125 ჰექტარია და უდიდესი ნაწილი საგურამო-ზედაზნის მონაკვეთებთან ერთად თბილისის დაცულ ტერიტორიაში შედის. ტყეში,  ძირითადად,  წიფლის ხეებია. მუხა, რცხილა და კენკროვნები იშვიათია. სოკო კი უხვად არის. ღულელელები გვიან შემოდგომასა და ადრიან გაზაფხულზე ხის სოკოს კალმახას, ზაფხულში კი კიდევ ერთ ხის სოკოს - მაჩალას კრეფენ.

ტყეში მელია, მგელი და შველი  ბინადრობს. გაგონილი მაქვს, რომ აქ მგელი განსაკუთრებით ბევრია და ტყეში მარტო სიარული არ შეიძლება. ამიტომ თოვლზე ნადირის ნაკვალევს ვეძებდი. თუმცა, სტუმარს რომ არ შეშინებოდა და არ დამფრთხალიყო, მგელზე არაფერი მითქვამს. საკმაოდ ბევრი კადრი გადავიღეთ. ის საბადურის სილამაზით ისე აღფრთოვანებულიყო, „კარგია, კარგიას“  არ იშლიდა.

გადათეთრებულ ასფალტიან გზაზე რომ დავდექით, ფიფქავდა. აქ უფრო უსაფრთხო იყო. მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ვიღაცამ გვანიშნა კიდეც, ხომ არ დაგიმგზავროთო.

ტყეში ერთგან მსუბუქად გაყინული ღელე თოვლზე შავად დახაზულიყო. საბადურში სულ ოთხი  პატარა ღელეა, მაგრამ არცერთგანაა ისეთი პირობა, რომ ბადით თევზი დაიჭირო. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, სახელი „საბადური“ ბადიდან მოდიოდეს. როცა საყდრიონში ჩავედი, იქ მითხრეს, საბადოდან მომდინარეობსო, მაგრამ რისი საბადო უნდა ყოფილიყო, ვერ ამიხსნეს. სახელის წარმოშობაზე საინტერესო ვერსია ტყის ხუთი თითივით მცოდნე მცველმა ბიძინა ბასილაურმა მითხრა. მე-17 საუკუნეში თურქების ჯარი ერწო-თიანეთს მოდგომია. დაღამებიათ. მაშინ, სადაც ახლა ტყეა, გაშლილი ველი ყოფილა, მხედართმთავარს უბრძანებია, „საბაჰ დურ“, დილამდე აქ გავჩერდეთ, დავბანაკდეთო. თურქული „საბაჰ“ ქართულად „დილას“, „დურ“ კი „სდექ“-ს, შეჩერებას ნიშნავს. არადა, რომ ვუკვირდები, „საბადურს“ როგორი ქართული ჟღერადობა აქვს.

ბიძინამ მითხრა, რომ მოსაზღვრე ცხვარიჭამიასაც სახელი თურქების გამო დარქმევია. მომხვდურნი რომ დაბანაკებულან, ბევრი ცხვარი შეუჭამიათო.

საბადურის ტყეში სხვადასხვა ასაკის ხეა. ძირითადად, 70-80, მცირე ნაწილი კი - 120 წლის. მეტი ასაკის კი - არა. საბადური ყველა სეზონზე მომხიბვლელია. ამიტომ, როცა არ უნდა ვნახო, ყოველთვის მომწონს. სიზმარივითაა - თბილისიდან ამ მშვენიერებაში 20 წუთში ხვდები.

აი, ამ თოვლიან დღესაც, როცა მზე არ ჩანდა, ცა და დედამიწა თეთრი იყო, შუაში კი წიფლის ხეები გამოკიდულიყვნენ, კიდევ ერთხელ ვტკბებოდი ტყით. დილით მოსულ თოვლს საბადურის ტყის ულამაზესი შავ-თეთრი პეიზაჟი შეექმნა.