მესტიაში ყოველ წელს ჩავდივარ. მაქვს ადგილები, რომლებიც ყოველთვის უნდა ვნახო. ფოტოების გადასაღები წერტილებიც მონიშნული მაქვს. ხანდახან ისე ხდება კიდეც, რომ ყველგან მისვლას ვერ ვასწრებ, მაგრამ რომელსაც აუცილებლად ვნახულობ,  სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმია.

ენით ვერ აღვწერ იმ განცდებს, რაც მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ მეუფლება. სხვანაირი ქართველი ვხდები. აქ უნიკალური ნივთები და ხელნაწერები ინახება, რომელთა შორისაა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი მოხატული ხელნაწერი - (ჰ)ადიშის ოთხთავი. ხელნაწერი შატბერდში 897 წელს ეტრატზე შესრულდა. კლარჯეთის დასუსტების შემდეგ ოთხთავი ჯერ გურიაშია, შემდეგ კი მტრის მუდმივი შემოსევების გამო, მე-14 საუკუნეში (ზოგი ვერსიით, მე-11-ში) უსაფრთხო ადგილას, სვანეთში  სოფელ ადიშში დააბრძანეს და ამის გამო ეწოდა (ჰ)ადიშის ოთხთავი. კოშკი, სადაც ეს ხელნაწერი ინახებოდა, სამწუხაროდ, ახლა ნახევრად დანგრეულია, თუმცა, აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება. ოთხთავი ადიშიდან მუზეუმში 1948 წელს გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით გადმოიტანეს.

მახსოვს მესტიის მუზეუმის საბჭოთა დიზაინი. მუზეუმი 1936 წელს სეტის წმინდა გიორგის ტაძრის ბაზაზე დაარსდა. პირველი ექსპონატებიც ამ ტაძრის სიწმინდეები იყო, შემდეგ სვანეთის სხვა ტაძრებსა და ოჯახებში დაცული ხატები და ჯვრები, აგრეთვე, სვანეთში გათხრების შედეგად აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საომარი ნივთები გადმოიტანეს. სვანებმა საუკუნეების მანძილზე პატიოსნად შეინახეს ბარიდან მონღოლების, სპარსელებისა თუ თურქ-სელჩუკების თავდასხმებს გამორიდებული სიწმინდეები. ხატებს, ოთხთავებსა თუ სხვა ნივთებს ადგილობრივი საგვარეულოები ტაძრებსა და კოშკებში იცავდნენ და გასაღებს მემკვიდრეს გადასცემდნენ. აი, ასე გადარჩა ბევრი ქართული ძეგლი, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო კულტურის სიამაყეა.

სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცების დაფინანსებით, მუზეუმი განახლდა და 2013 წელს გაიხსნა. საბედნიეროდ, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის გაკეთდა ადაპტირებული ასასვლელი. ექსპონატები ახლა ექვს მუდმივმოქმედ დარბაზშია განთავსებული და გაცილებით ლამაზად არის წარმოდგენილი, თანაც, საჭირო კლიმატური რეჟიმით დაცული. ხელნაწერებსა და ხატებს სხვადასხვა დარბაზი აქვთ. მუზეუმში უამრავი საინტერესო ექსპონატია, რომელთა შორისაა თამარ მეფის შეწირული სურა, ულამაზესი ვენეციური ჯვარი, სირიული სკივრები, უძველესი ოქროს მონეტები და მინაბაძები, მათ შორის, მაკედონელის მოჭრილი ფულიც. ასევე, დაცულია ჭედური ნაკეთობები, სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი საოჯახო და სამეურნეო ნივთები, მათ შორის  ადგილობრივი საცხოვრებელი მაჩუბი, სვანური რელიგიური და, ამასთანავე, საბრძოლო დროშა ლემი, რომელიც აბრეშუმისგანაა დამზადებული და ქარის დაბერვის დროს ლომის ფორმას იღებს და სხვა.

კიდევ ერთი  დარბაზი დროებით გამოფენებს ეთმობა. ახლა იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას სვანეთში გადაღებული ფოტოებია გამოფენილი. მან მე-19 საუკუნის ბოლოს სამჯერ იმოგზაურა სვანეთში და ტიპაჟებისა  და ლანდშაფტის  საუკეთესო ფოტოები შექმნა.

მესტიის მუზეუმში ცხრა ათასამდე ექსპონატია დაცული, რომელთაგან განსაკუთრებით მე-12 საუკუნეში შესრულებული 40 სებასტიელი მოწამის ხატი მიყვარს. მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის გამო დასჯილი კაბადოკიელი მეომრების სახეებზე დიდი ტკივილია აღბეჭდილი, მაგრამ არც ერთის განცდა არ მეორდება. ამ სიუჟეტზე შექმნილი მრავალი ხატი და ფრესკა მინახავს, მაგრამ მესტიის ექსპონატი განსაკუთრებულად ბრწყინვალე ნამუშევარია. მიდით, დააკვირდით ხატს, წმინდანთა სახეებს და აღფრთოვანდებით.

წლებია, მუზეუმის დირექტორი სათნო ქალბატონი რუსუდან ქოჩქიანია. რამდენჯერაც არ უნდა შევიდე მუზეუმში, იმდენჯერ დაუზარებლად მიყვება და მიხსნის მსოფლიო მნიშვნელობის ქართულ ძეგლებზე. მინახავს მისი თანამშრომლები, სტუმრებს რა დიდი სიყვარულითა და სიამაყით აცნობენ მუზეუმში დაცულ მსოფლიო მნიშვნელობის ქართულ ძეგლებსა და ისტორიას. ეს სვანი ქალბატონები საგანძურის ისეთივე მცველები არიან, როგორიც მათი მამა-პაპა.

დიახ, როცა მესტიაში ჩავდივარ, ბევრ საყვარელ ადგილს ვნახულობ. ხანდახან ყველგან ვერ მივდივარ, მაგრამ  სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის უნახავად ქალაქს არ ვტოვებ. იქიდან გამოსვლის შემდეგ სხვანაირი ქართველი ვხდები...

ნუ წამოხვალთ სვანეთიდან მუზეუმის უნახავად...