ახალციხეში ფოტოგადაღებაზე მივდიოდი. ის იყო, ბორჯომსა და ლიკანს გავცდი, რომ მალე  დავინახე აბრა - მწვანე მონასტერი.

ვიწრო სამანქანო გზა შედიოდა, მაგრამ ნისლის გამო, ცუდად ჩანდა. ადრიანი გაზაფხულის სურათი დაგვხვდა - ხეებს ფოთლები არ ჰქონდა, სამაგიეროდ, მიწაზე უხვად ეყარა ჩალისფერი ფოთლები. ტოტებზე წვიმის წვეთები დაკიდებულიყო. ძირს თოვლი დაფენილიყო, ალაგ-ალაგ კი  ყოჩივარდებს ამოერგო თავი.

მწვანე მონასტერი არაერთხელ მინახავს, მაგრამ ამჯერად მისი მონახულება სწორედ ასეთ არამწვანე გარემოში მომინდა. გიორგი კაკაშვილი და პაატა ნაცვლიშვილი მახლდნენ. ისინიც ამყვნენ. მანქანა გზის დასაწყისში გავაჩერეთ და მონასტრის ორკილომეტრიან გზას ფეხით გავუყევით. ჩალისფერი მიწა ნელ-ნელა თეთრდებოდა. ცოტა ხანში კი ყველაფერი გადათეთრდა. მხოლოდ ერთ მხარეს ვიწროდ მორაკრაკე მდინარე ჩითახევი იყო ზურმუხტისფრად გაწოლილი. ხის ტოტებზე წვეთები მცირე ლოლოებად ქცეულიყო. ყველაფერი ლამაზი იყო. თუმცა, უფრო მეტი სილამაზე მიწაზე დაფენილიყო - თოვლიდან  უამრავ ყოჩივარდს წამოეყო თავი და თეთრი საბანი მელნისფერი წერტილებით დაეკემსა.

ჩვენ სამნი მდინარეს აღტაცებით მივუყვებოდით. ცოტა ხანში სამრეკლო, შემდეგ  ტაძარი, მალე მთელი მწვანე მონასტერი ხელისგულივით გამოჩნდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ერთ-ერთი კელიიდან კვამლი ამოდიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიტოვებული არ იყო. ტაძარი ცარიელი დაგვიხვდა. ამ მდუმარებაში იქაურობას რაღაც სხვა მიმზიდველობა შესძენოდა.

მწვანე მონასტერს ჩითახევის მონასტერსაც უწოდებენ. ის წმინდა გიორგის სახელობისაა. ტაძრისთვის გამოყენებულ სამშენებლო მასალას მწვანე შეფერილობა აქვს. თანაც, გარემო ისეთი ტყიანია, მონასტერს „მწვანე“ შემთხვევით არ დარქმევია.

ცნობები ტაძრის შესახებ მეტად მწირია. მკვლევარებმა სამშენებლო  ქვებით დაადგინეს, რომ მე-9-10 საუკუნეებში აშენდა. ზოგიერთი წერილობითი წყაროს მოშველიებით კი ივარაუდეს, რომ მშენებლები გრიგოლ ხანძთელის მოწაფეები - ქრისტეფორე და თევდორე არიან. ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველ სართულზე სამლოცველოცაა, შედარებით  გვიანდელია. მის  აღმოსავლეთის კედელზე გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის რელიეფია გამოკვეთილი.

მონასტერს მძიმე დრო მე-16 საუკუნეში დაუდგა. სამცხის ათაბაგმა ქაიხოსრო მეორე ჯაყელმა საკუთარი ხელისუფლების გასაძლიერებლად ირანის შაჰს თამაზ პირველს მიმართა. მასაც მეტი რა უნდოდა და საქართველოში მესამედ  (სულ ოთხჯერ) შემოჭრა, უფრო იმიტომ, რომ წინა ორ ლაშქრობაში ქართლის მეფის ლუარსაბ პირველის დამარცხება ვერ შეძლო და შურისძიების სურვილი კლავდა. შაჰ-თამაზმა სამცხე დაარბია, სწორედ მაშინ აოხრდა ვარძიაც. მომხდურებმა მიწასთან გაასწორეს ჩითახევის მონასტერი. აწამეს ბერები, რომელთა სისხლი მდინარეს შეერია და ქვები შეღება. მონასტრის ჭიშკართან ახლოს, მდინარეში წითლად დაწინწკლული ქვებია, რომელთაც მორწმუნენი კრძალვით ეპყრობიან. ვისაც ეს ქვა შინ წაუღია, გაწვალებულა და უკან დაუბრუნებია. ამ ქვებთან სხვა სასწაულებიც ყოფილა დაკავშირებული.  ერთი მათგანი ტაძარშიც ვნახეთ და მდინარეშიც დიდხანს ვათვალიერებდით. სისხლისფერი არასოდეს გადასდისო, მითხრა ერთმა ღვთისმსახურმა. საუბარში ისიც თქვა, რომ მონასტრის ცხოვრება კიდევ ერთხელ 2002 წელს აღმდგარა, ტაძრის შეკეთებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ეკა პრივალოვას შეუტანია.

მწვანე მონასტერში დიდხანს არ გავჩერებულვართ.  ვიწრო სამანქანო გზას ჩამოვუყევით. იქაურობა შენისლულიყო. ადრიანი გაზაფხულის სურათი დაგვხვდა - ხეებს ფოთლები არ ჰქონდა, სამაგიეროდ, მიწაზე ჩალისფერი ფოთლები უხვად ეყარა. ტოტებზე წვიმის წვეთები დაკიდებულიყო. ძირს თოვლი დაფენილიყო, ალაგ-ალაგ კი  ყოჩივარდებს ამოერგო თავი.