ლურჯი ცა, თეთრსაბანმოხურული გრძელი კავკასიონი, თიხისფერშეპარული ნიადაგი და ხასხასა მწვანედ დაფენილი თხელი ბალახი მარტში ალაზნის ველებზე ყოველთვის მხვდება. თუმცა, კიდევ ერთი ფერი, რის გამოც კახეთში ჩავდივარ, ვარდისფერია. დიახ, ატმის ბაღები ყვავილობის დროს ალაზნის ველებს ვარდისფრად მოსავს. ეს მშვენიერება არც წელს გამომიტოვებია.

დიდი ხანია,  ადრე ადგომა ასე არ დამზარებია. მაღვიძარამ, ალბათ, მე-15 ზარზე გამომაღვიძა. თუმცა, შეხვედრის ადგილზე, როგორც წესი, დროულად მივედი. მე, ზიკა ნარსიამ, თამი ხერგიანმა და ნათია პატარაიამ ატმის ყვავილობის სანახავად გეზი გურჯაანის სოფლებისკენ ავიღეთ. ზიკა და მე ამისთვის ყოველ წელს მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე რომელიმე კვირა დღეს ვარჩევთ ხოლმე. ხანდახან თანამგზავრები გვეცვლებიან. გზაში ზიკას სანაძლეო იმიტომ მოვუგე, ვიცოდი, რომ ატამი ვარდისებრთა ოჯახს განეკუთვნებოდა. გასაკვირად ჩანს, მაგრამ ყველაზე მეტად ნუშს ენათესავება. ატმის 5500-მდე ჯიში არსებობს, რომელთაგან  სახრავი და საპობი საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია. ნერგი 3 წლიდან 15 წლამდე 50-60 კგ ნაყოფს იძლევა. უკვე მაისის შუა რიცხვებშია შესაძლებელი მისი დაგემოვნება და ამ ადრეულ სახეობას „პირველის პირველს“ უწოდებენ. ბოლო სახეობა კი რთველის პერიოდში იკრიფება და  „უჯიშოდ“ მოიხსენიებენ. არადა, კახელი მეატმეები ყველაზე გემრიელად მას მიიჩნევენ. „უჯიშოს“ კი იმიტომ უწოდებენ, რომ დამყნობის გარეშეა გაზრდილი. გამოყვანილ ჯიშებს შორისაა ხიდისთაური, ერისთავის ვარდისფერი, გავაზური, კახური თეთრი, ბესტავაშვილი, გორული და სკრის საადრეო. მოკლედ, ქართველმა აგრონომებმა ჩინეთიდან გავრცელებული ხილი გააქართულეს და ჩვენთან მოწეული ატამი  სამართლიანადაც მიიჩნევა გემრიელად. მეატმეები ამბობენ, რომ ცოცხალ ატამს, კომპოტს, ზეთსა და ფოთლებსაც კი სამკურნალო თვისება აქვს და A, C და B ვიტამინების წყალობით იმუნიტეტს აძლიერებს, კურნავს შინაგან დაავადებებს. თურმე, ცოცხალი ფოთლები ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს. ამიტომაც, ჩინელებისთვის ატამი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის წამალია.

გურჯაანელმა სოსო ჯოხაძემ, ამ მხიარულმა კაცმა, ნაფანოღარი ვარ, არ მეტყობაო, რჩევები მომცა. თურმე, დაუჭრელად ატმის ხარისხი და გემო ხელითაც შეგვიძლია გავიგოთ. კარგი ატამი მსუბუქად რბილი, ოდნავ მომკვრივო და ხავერდოვანი უნდა იყოს. ხოლო თუ მაინც მივირთვით და ვნახეთ, რომ კურკა გამომშრალია ან ადვილად იყოფა, ესე იგი, მოსავლელად ქიმიკატი დიდი დოზით გამოუყენებიათ. დაკრეფილი ატამი არა პოლიეთილენში, არამედ ქაღალდის პარკებში უნდა შევინახოთ. მაცივარში ერთი კვირა ძლებს, ოთახში - 3-4 დღე.

ერთი შეხედვით, ამ უბრალო ხილს მრავალი სასარგებლო თვისება ჰქონია. გურჯაანელებს ატმის დიდი ბაღები აქვთ და ხუმრობა-ხუმრობაში უვლიან. არ მახსოვს, მათთან მესაუბროს და არ ეოხუნჯოთ. იმდენ ანეკდოტს ჰყვებიან, მუცელი ხელით მიჭირავს.

ალაზნის ველებს ყოველთვის სასიამოვნო განწყობით ვტოვებ. ცალკე ამ მხიარულ ხალხსა და ცალკე ატმის ბაღების ვარდისფერ ყვავილობას ყოველ წელს ისევ კახეთში ჩავყავარ. წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ დილაადრიან გაღვიძება გამიჭირდა, მაინც წამოვდექი. არც შეხვედრის ადგილზე მისვლა დამგვიანებია. ვიცოდი, რომ წინ ის სიამოვნება და სილამაზე მელოდა, რის გამოც ყოველ წელს ზიკა და მე გურჯაანის ალაზნის ველებისკენ მივიწევთ.