იქ, სადაც გელათის მონასტრის სამხრეთის შესასვლელია და სადაც განჯიდან ჩამოტანილი არაბულწარწერიანი რკინის კარი ჰკიდია, დიდი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავია. თქმა არ უნდა, პირდაპირ იქ მივედი, რომ მისი ღვაწლის მიმართ მადლიერება გამომეხატა. მეფის ანდერძი - „ფეხი დამადგით, გულზე  დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე დავით... (ანა კალანდაძე)“ - გამახსენდა.

ის დიდი ქართველი მეფე იყო, რომელსაც არათუ ბრძოლა, ომიც კი არასოდეს წაუგია. მან შეძლო, საქართველო გაეერთიანებინა, თბილისი გაეთავისუფლებინა არაბთა 400-წლიანი მმართველობისგან,  უამრავი სახელმწიფო რეფორმა განეხორციელებინა და ოქროს ხანისთვის  დაედო სათავე.

დიდ ხანს ვიორჭოფე, მის საფლავზე ფეხი დამედგა თუ არა. თუმცა, ვერ გავბედე. ჩემი მხრიდან უღირს საქციელად მივიჩნიე. ვერ შევძელი დიდი მეფის ანდერძის ასრულება.

საფლავიდან ხელისგულვით მოჩანდა გელათის მთელი კომპლექსი, მისი ქმნილება - ღვთისმშობლის მიძინების მთავარი, წმინდა გიორგის მე-12 საუკუნისა და წმინდა ნიკოლოზის მე-13 საუკუნის ტაძრები, აკადემია და სამრეკლო, რომლის ქვეშაც წყარო მორაკრაკებს.

დავით აღმაშენებელი 33 წლის იყო, დიდი ტაძრის მშენებლობა რომ ჩაიფიქრა. ადგილის ძებნა დაუწყია, მაგრამ სასურველი ადგილისთვის  ვერა და ვერ მიუგნია. ბოლოს გლეხ ლევისარაშვილის კარმიდამო ურჩევიათ და მეფეც მას საკუთარი ფეხით  მისდგომია. აქ სახტარი უნდა ავაგოთო, უთქვამს გლეხისთვის. მასპინძელს, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო, დავითსთვის უპასუხია, თუ ჩემი ეზო სახტრისთვის გამოდგება, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნებიო. სტუმარს ლევისარაშვილის პასუხი მოსწონებია და თანმხლებთათვის მიუმართავს, გლეხს კალთა ოქროთი აუვსეთო. შემდეგ მისთვის ახალი სახლის ასაშენებლად სხვაგან მიწაც შეუთავაზებიათ. ლევისარაშვილი საკუთარ კარმიდამოს რომ ტოვებდა, თითქოს დადარდიანებულს, უკან მოუხედავს. დავითს ეს რომ შეუნიშნავს, უთქვამს, ეტყობა, გლეხს აქედან წასვლის გამო  წყდება გული და ოქრო კიდევ მიეცითო. მერე მხლებლებისთვის გაუნდია, გულდაწყვეტილზე მადლიანი ტაძარი ვერ აიგებაო.

ეს ამბავი ქუთაისელმა გიორგი ჯანგავაძემ 1945 წელს პოეტსა და ქართულის მასწავლებელს დომენტი ოყროშიძეს, იმავე თომაშვილს მოუყვა.

დავით მეოთხემ გელათის, იმავე გენათის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 20 წლის თავზე მისმა შვილმა დემეტრემ მამის გარდაცვალებიდან 1 წელიწადში, 1126 წელს დაასრულა და მოახატვინა.

ამბობენ, რომ მეფეს მდინარე წყალწითელადან თავად ამოუტანია 2 დიდი ლოდი, რომელიც ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კედელში ჩაუდიათ. ასევე, ერთი თქმულება გვეუბნება, რომ ტაძრის მშენებლობას ხელს ეშმაკი უშლიდა, ამოყვანილი კედლები ღამე ინგრეოდა. დავითი დადარაჯებულა, წყლიანი ჯამი დაუდგამს და ღამით ეშმაკი მას რომ მიადგა, მეფემ ხელი სტაცა. ეშმაკი ჯორად გადაქცეულა, დავითი არ დაბნეულა, ლაგამი ამოსდო და ზედ მოახტაო. ამის შემდეგ გელათის მშენებლობა აღარ შეფერხებულა.

აღმაშენებლის სიცოცხლეში გელათში  გაიხსნა აკადემია, იმდროინდელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერა, სადაც იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი მოღვაწეობდნენ. აკადემია 1650 წელს გაუქმდა.

მთავარი ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია. განსაკუთრებულია ღვთისმშობლის კონქზე შესრულებული  მოზაიკა, ქართული ტაძრებისთვის უიშვიათესი ხელოვნება. ჩრდილოეთით თავად დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ფრესკაა. მეცნიერთა ვარაუდით, ფრესკა დავითის დროინდელია, მაგრამ  მოხატულობა მე-15 საუკუნეშია აღდგენილი. აქ კიდევ ბევრი ცნობილი პირის,   მათ შორის დავით ნარინის ფრესკაცაა.

შუა საუკუნეებში გელათის მონასტერი სრულიად დამოუკიდებელი იყო. მონღოლთა შემოსევის შემდეგ გავლენა შესუსტდა და მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ღვაწლის შედეგად აქ კვლავ აღდგა სამონასტრო ცხოვრება, მეურნეობა, ხატწერა და მთარგმნელობითი საქმიანობა. როცა ოსმალებმა სელიმის მეთაურობით 1510 წელს აქაურობა ააოხრეს, იმერეთის მეფეებმა ბაგრატ მესამემ და გიორგი მეორემ მონასტერი კვლავ აღადგინეს და დაამშვენეს. 1759 წელს გელათი უკვე ლეკებმა გადაწვეს და მისი აღდგენა იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ითავა. ფეოდალურ საქართველოში გელათის უკანასკნელი მზრუნველები კი იმერეთის ბოლო მეფე სოლომონ მეორე და გელათის ბოლო ეპისკოპოსი ექვთიმე იყვნენ, რომლებმაც წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აღადგინეს.

1810 წელს იმერეთის სამეფო რომ რუსეთმა შეიერთა, მონასტრის გავლენა ისევ დაკნინდა და იმერეთის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა.

გელათში უამრავი სიწმინდე ინახებოდა, რომელთაგან აღსანიშნავია, ერთი ვერსიით,  ლუკა მახარებლის მოხატული ხახულის ღვთისმშობლის ხატი. ეს დიდი სიწმინდე, უკეთ დაცვის მიზნით, თავად დავით აღმაშენებელმა ხახულის ტაძრიდან გელათში გადმოაბრძანა, განაახლა და ახალი ძვირფასი ქვებით შეამკო. ხატზე არანაკლებ იზრუნა მისმა ძემაც. ახლა ის თბილისში, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია. 

დავით აღმაშენებლის გარდა, გელათში მრავალი მეფე და მღვდელმთავარია დაკრძალული. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ თამარ მეფეც აქ განისვენებს. 

მონასტერი საოცრად მდიდრულია. მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, 1994 წელს იუნესკომ გელათს,  ბაგრატის ტაძართან ერთად,  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 20 წლის შემდეგ საქართველომ, ბაგრატისგან დამოუკიდებლად, იმავე სტატუსის მისაღებად გელათი იუნესკოში ხელახლა წარადგინა.

გელათში რაც არ უნდა მენახა, ყველაფერს საინტერესო ისტორია ჰქონდა. ორ მათგანზე ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ. ამ ყველაფრის შემოქმედი დავით აღმაშენებელია.

ამიტომაც, ყოველთვის მივდივარ მის საფლავთან. ახლაც, როცა ტაძრიდან გამოვედი, სამხრეთის კარიბჭისკენ გავემართე. დავითის საფლავთან მივედი. დიდხანს ვიორჭოფე, ქვაზე ფეხი დამედგა თუ არა. თუმცა, ვერ გავბედე. ჩემი მხრიდან უღირს საქციელად მივიჩნიე.  ვერ შევძელი დიდი მეფის ანდერძის ასრულება.

საფლავიდან ხელისგულივით მოჩანდა გელათის მთელი კომპლექსი, მისი ქმნილება...