გელათის ტაძრის ეზოში სამხრეთის შესასვლელიდან არასოდეს შევსულვარ. სულ დაკეტილია. არადა, უწინ მთავარი შესასვლელი იყო. მნახველს ჭიშკართან ახლოს დაკრძალული  დავით აღმაშენებლის საფლავი უნდა გადაევლო.

აქ რკინის კარია, რომლის შუაშიც არაბული წარწერაა. ერთხელაც ოდესღაც ნასწავლი არაბული ასოების ამოცნობა-ამოკითხვას ვცდილობდი. ამასობაში ადგილობრივი მეგზური სკოლის მოსწავლეებთან შორიდანვე დაწყებული ტექსტით მოვიდა. ბავშვები კართან მიიყვანა და უთხრა, რომ წარწერის მიხედვით, რკინის კარი დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრემ მეფობის მე-13 წელს, 1138-39 წლებში განჯიდან ჩამოიტანა და გელათს შესწირა. დემეტრეს ურჩი მმართველის დასასჯელად ულაშქრია და გაუმარჯვია.

მონუსხულმა მოსწავლეებმა იქაურობა რომ დატოვეს, კარზე ნაცნობი არაბული ასოების ამოკითხვა განვაგრძე. კირკიტი სულ მიყვარდა და ამან ჭიშკრის კიდევ ერთ, დავით აღმაშენებელთან დაკავშირებულ ისტორიამდე მიმიყვანა, რომელსაც  სიამოვნებით გაგიზიარებთ.

თურმე, 1124 წელს ერთ ქართველ ვაჭარს დარუბანდში გასაყიდად საქონელი წაუღია, ლეკებს პირწმინდად გაუძარცვავთ. ვაჭარი ქალაქის მმართველთან დასახმარებლად მისულა. სადაური ხარო, უკითხავს და რომ გაუგია, ქართველი იყო, მიუმართავს, წადი, შენი მეფე დაგეხმაროსო. ვაჭარს მიუგია, ეს რომ დავითს ვუთხრა, ძვირად დაგიჯდებათო. რას გვიზამს, დარუბანდის ჭიშკარი არ ჩამოგვიხსნასო.

დარუბანდი, იგივე დერბენდ(ტ)ი, კასპიის ზღვასთან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას შორის მდებარე ისტორიული დასახლება იყო. მას გრძელი კედლები იცავდა. შესასვლელებში კი ისეთი კარი ეკიდა, მტერი ვერ ამტვრევდა. „დერბენდი“ სპარსულად სწორედ დაკეტილ კარს ნიშნავს. მას „კართა კარსაც“ უწოდებდნენ, ქართველები „ზღვის კარად“ მოიხსენიებდნენ. ამბობენ, რომ კარი აქ ალექსანდრე მაკედონელმაც ჩამოკიდა. ქალაქის ყველა მმართველი კავკასიის ამ მნიშვნელოვანი გასასვლელის გამაგრებაზე ზრუნავდა. 

დარუბანდელებისთვის მთავარი ჭიშკარი სიძლიერისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო იყო და ლეკთა მმართველმა ქართველთან ამიტომაც ახსენა.

ვაჭარმა დავითს ყველაფერი მოახსენა. გაბრაზებულმა მეფემ ათასი ცხენი მოაყვანინა,  ორი ათასი კიდობანი დაამზადებინა, თითოში თითო მებრძოლი ჩასვა და ცხენებს ვაჭრის ფორმაში გადაცმული კიდევ თითო მებრძოლი მიუჩინა. სულ სამი ათასი კაცით დარუბანდისკენ დაიძრა და თან დაზარალებულიც იახლა. ლეკებს უთხრეს, რომ საქონელი მიუტანეს და მათაც, გაძარცვის იმედით, კარი გააღეს. შუაღამით ქართველმა მებრძოლებმა ქალაქი აიღეს და დარუბანდის მთავარი კარი ჩამოხსნეს. შემდეგ ლეკებს ზურგზე აჰკიდეს და გელათამდე ჩამოატანინეს. თან, ტყვედ უფროსიც წამოუყვანიათ. მოგვიანებით დავითს ლეკი გაუთავისუფლებია. მას კი უთქვამს, ერთი ხარის ტყავის სიფართის ადგილი მიბოძეო. მეფე დათანხმებია. ტყვედყოფილს ტყავი წვრილად დაუჭრია, გადაუბამს და დარუბანდისთვის გარშემო შემოუტარებია. დავითი მოტყუვდა, მაგრამ პირობა აღარ გადათქვა და ქართული ჯარი უკან გამოიხმო. ეს თქმულება ანუსია კარგარეთელს 1939 წელს ჩაუწერია.

ივანე ჯავახიშვილი კარის ჩამოტანას დემეტრეს მიაწერს. თუმცა, უწინ ბევრს, მათ შორის, ვახუშტის მიაჩნდა, რომ ეს სწორედ აღმაშენებლის დამსახურება იყო. 1651 წელს რუსმა ელჩებმაც აღწერეს როგორც დარუბანდიდან დავითის მიერ ჩამოტანილი კარი. სოლომონ პირველის დროს მისი მარცხენა ფრთა ლურსმნებად დაუჭრიათ და გელათის მთავარი ტაძრის აღსადგენად გამოუყენებიათ.

გელათის სამხრეთის ნაალაფარი კარის არაბულ წარწერაში ეს ისტორია არ წერია, მაგრამ  მან ისევე მომნუსხა, როგორც თვით გელათის კომპლექსმა.