თბილისში ცრიდა, მარტის თბილი დღეები გამქრალიყო. არასალაშქრო ამინდის მიუხედავად,  გულში ვთქვი, რაც არის, არის, არმაზისკენ წასვლას არ გადავდებ-მეთქი. თან,  წინა დღეებში ლიას შევპირდი, რომ მას და მის მეგობრებს პირველ ლაშქრობაში წავიყვანდი და მეგზურობას გავუწევდი. ის იყო, სალაშქრო ფეხსაცმელს ვიცმევდი, რომ დამირეკა კიდეც, გოგა, ასეთ ამინდში არმაზში წასვლა ღირსო? შევიცხადე, ნამდვილი მოლაშქრე თუ გინდა გახდე, სწორედ ასეთ სველ ამინდში უნდა გამოსცადო შენი თავი-მეთქი.  მალე ერთმანეთს დიდუბეში შევხვდით და მცხეთის სარეისო მინიბუსს გავყევით. 12-ნი მაინც ვიყავით. ქალაქის შესასვლეთან მდებარე ხიდთან ჩამოვხტით და გეზი არმაზის ციხისკენ ავიღეთ. ჯერ ასფალტიან გზაზე ვიარეთ, 20 წუთში კი მატარებლის ლიანდაგი გადავკვეთეთ, რამდენიმე სახლი ჩამოვიტოვეთ და ტყეში შევედით.

შევატყვე, რომ არც ერთ თანამგზავრს სათანადოდ არ ეცვა. ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მუზეუმში მიდიოდნენ. კიდევ კარგი, სათადარიგო საწვიმარი მქონდა და ყველაზე შეუფერებლად ჩაცმულს - ნინოს მივეცი. მეორის მიცემაც დავაპირე, მაგრამ იმის გამო, რომ ფოტოაპარატი არ დამსველებოდა, გადავიფიქრე. თუმცაღა, ტყეში შესვლისთანავე წვრილმა წვიმამ ისედაც გადაიღო. ადიდებული ღელე ჩამოდიოდა. ფეხის დაუსველებლად ვერ გადავიდოდით. ქვები ჩავყარეთ, ერთმანეთს ხელი მივაშველეთ და ფონს, ერთის გარდა, ყველა მშვიდობით გავედით. ვახოს ქვაზე ფეხი გაუსრიალდა და ცალი ფეხი წყალში ჩაუვარდა. როგორც კი გზა განვაგრძეთ, ყოჩივარდებისა და ენძელების ხალიჩები გადაგვეშალა. განსაკუთრებით გოგონები ისე აჟრიამულდნენ, სულ დაავიწყდათ, რომ არმაზის ციხის სანახავად მივდიოდით.  ბოლოს შევუძახე, ყვავილებს ზემოთაც ნახავთ-მეთქი და, როგორც იქნა,  ყველა დავძარი ადგილიდან. ეკლესიამდე აღმართები არ არის, ამიტომ იქამდე ისე ვიარეთ, არავის დაუწუწუნია. იქ ერთი ღვთისმსახური დაგვხვდა, ამბები გამოვკითხეთ და გზა განვაგრძეთ. რაც უფრო წინ მივიწევდით, თანამგზავრებს ნესტიან ბილიკებზე სიარული მით უფრო უჭირდათ. როგორც შემეძლო, ვამხნევებდი. ბიჭები უფრო ხუმრობის ხასიათზე იყვნენ და გოგონებს ზურგზე აწვებოდნენ, რომ სიარული განეგრძოთ. „მალე მივალთ, მალე მივალთ?“, ყველა ცალ-ცალკე მეკითხებოდა. წესით, ლიანდაგებიდან არმაზის ციხემდე ფეხით ერთი საათის გზაა, მაგრამ  სამი საათი  ვიყავით გზაში და ციხე ჯერაც არ ჩანდა. როცა ფოთოლშემოცლილი ტყის ჭუჭრუტანებიდან რიყის ქვით ნაგები ციხე გამოჩნდა, რაც მკვეთრი აღმართის დაწყებას ნიშნავდა, ჯგუფი დავასვენე. წყალი დავლიეთ. მე, როგორც წესი, „ლიკანი“ სულ თან მაქვს. მაკამ ოჯახიდან წამოღებული ღვეზელი გაგვასინჯა და თან ციხის ამბები მოვყევი.

კლდის თავზე აღმართული არმაზის ციხე მრავალი ნაგებობისგან შედგებოდა. ციხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს აკონტროლებდა. მისი დაარსების თარიღად ძვ. წ. IV-III საუკუნეები მიიჩნევა. სახელი არმაზი იბერიის მთავარ ღვთაებას - არმაზს უკავშირდება. ანტიკური წყაროები აქაურობას ჰარმოზიკედ, ჰარმაკტიკად და ჰერმასტუსად მოიხსენიებს. სანამ მცხეთა მცხეთობდა და ქრისტიანობა საქართველოში ჯერ არ იყო სახელმწიფო რელიგია, არმაზციხეს  დიდი გავლენა ჰქონდა. მის გარშემო მიკვლეულია უამრავი მნიშვნელოვანი ნაგებობის ნაშთი, მათ შორის, არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი ოქროს ნივთებიც. როცა სატახტო ქალაქად თბილისი გამოცხადდა, არმაზმაც მნიშვნელობა დაკარგა, მურვან ყრუს 735 წლის შემოსევის შემდეგ კი იქაურობა განადგურდა.

თანამგზავრები ციხეზე რომ ავიყვანე, თვითონვე  ნახეს ციხის ყველაზე დიდი ნაშთი. თუმცა, მაინც ისეთი შთამბეჭდავი, რომ ყველა მოიხიბლა. ისინი იქიდან დანახული ხეობითაც აღფრთოვანდნენ.

უკან დასაბრუნებლად წრიული გზა შევარჩიეთ, რომელიც კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. კლდოვან ფერდობზე რომ გავედით, ქარიც ამოვარდა, თუმცა  ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მცხეთაში კარსანის გზით ჩამოვედით და თბილისში ისევ სარეისოთი დავბრუნდით.

პირველმა ლაშქრობამ თანამგზავრებს აგრძნობინა, რომ შეუძლებელი არაფერია,  რომ მალე კარგი მოლაშქრეებიც გახდებიან.