ამ დღეებში არაფერი გავაფუჭოთ, გოგა? - მითხრა ტელეფონში ჩემმა მეგობარმა ირინამ, საბუთებში ირინე რომ უწერია, მაგრამ ძალიან რომ არ მოსწონს ეს „ე“.

რა გინდა-მეთქი, ვკითხე. რა და, მთელი ზამთარია, სამსახურის ოთხ კედელში ამოვიხუთე, რამდენი ხანია, არსად ვყოფილვარ და იქნებ სადმე ბუნებაში გავიდეთო.

რადგან დიდი ხანია, არსად უვლია, თბილისთან ახლოს მდებარე რამდენიმე ადგილი შევთავაზე. ჭილის ტბა მოეწონა, ნანახი არ მაქვსო. იქ რამდენჯერმე  ვიყავი ნამყოფი, ამიტომ  სასმელი წყლის, საგზლისა და საწვიმარის წამოღება ვურჩიე, თან ვთხოვე, მოხერხებული ფეხსაცმელი ჩაეცვა.

დათქმულ დროს ირინა ფერეიდნელ ქართველებთან ერთად მოვიდა. სულ ექვსნი შევიკრიბეთ. დიდუბის ავტოსადგურში მუხათგვერდისკენ მიმავალ ყვითელ საქალაქო ავტობუსში ჩავსხედით. ბოლო გაჩერება სასაფლაოსთან ჰქონდა. ჩამოვხტით თუ არა, შემოდგომიდან შემორჩენილი ყვითელი ბალახებით მოფენილ მინდორში გავედით. მალე თვალი ტალახიან სამანქანო გზას მოვკარით. ისეთი გაფუჭებული იყო, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები თუ გაივლიდნენ და ისიც, კარგი საბურავებით. თბილისურ ავდარს კვალი აქაც დაემჩნია. ცოტა რომ ავიაღმართეთ, ხელისგულივით გამოჩნდა დათოვლილი კავკასიონი და თბილისის ზღვა, მარჯვნივ თვალი ტელენაძასაც მოვკარით, ოღონდ სივრცე მიწიდან ავარდნილი ოხშივრით იყო გარძისფრებული.

გზად ორი საყვარელი ძაღლი დაგვემგზავრა. ეტყობა, იყნოსეს, რომ საგზალი გვქონდა. ხან წინ გარბოდნენ, ხან ძალიან ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ იმდენი ირბინეს, ამ მანძილით სვანეთშიც კი ჩავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებას სიმწვანის ჯერ არაფერი ეტყობდა,  პირიქით, შემოდგომის ფერები ჭარბობდა, მაინც ლამაზი იყო იქაურობა. მაყვლის ბუჩქი ბევრგან იყო. გულში ვფიქრობდი, ზაფხულის ბოლოსკენ თუ ამოვედი, მაყვლის კრეფით ტბაზე ისე ავალ, ვერც ვიგრძნობ-მეთქი.

რაც უფრო მაღლა მივიწევდით, გზა მით უფრო ტალახიანდებოდა. მუხის კორომში რომ შევედი, ერთგან თავი ვერ შევიმაგრე და მარცხენა მხრით დავეცი. არ ვიცი, რა სასწაულით გადავარჩინე ფოტოაპარატი, მაგრამ ქურთუკი კი მთლად დავსვარე. გოგოებმა მითხრეს, უფრო რომ არ გაჭუჭყიანებულიყო, უმჯობესი იყო, ტალახი ზედ შეხმობოდა. ის იყო, უნდა დაგვესვენა, ქვაბულში ჩაფლული ჭილის ტბაც გამოჩნდა. ფერეიდნელებმა აღტაცებით შეჰყვირეს, ზურგჩანთები დაყარეს და ტბისკენ გაიქცნენ. ჩვენც მივყევით. ნაპირი ტალახიანი იყო, წყალში ლელქაშები გაუფერულებულიყო, გაღმა ნაპირზე ბორანისმაგვარი ტივტივებდა, ტბაზე შემოვლებულ ხეებს ჩიტები მისხდომოდნენ, ბეღურებს ჰგავდნენ და ჭიკჭიკებდნენ, ალაგ-ალაგ შემორჩენილი ჩალისფერი ფოთლები მსუბუქად კონწიალებდა, მზე ხან გამოანათებდა, ხან მიიმალებოდა. მოკლედ, ადრიანი გაზაფხულის სურნელი იფრქვეოდა.

ცოტა რომ დავისვენეთ, ხედების სანახავად სხვადასხვა მხარეს წავედით. წარმოიდგინეთ, რა ადგილია, რომ მცხეთა-შიო მღვიმე-ძეგვის მიდამოებიც ჩანს და წოდორეთის, დიდგორისაც და წყნეთისაც. წიფლისა და რცხილის ტყეებში გოგონებმა გაზაფხულის ყვავილები დაკრიფეს. ენძელები ჭარბობდა. შემდეგ ფიჩხი შევაგროვეთ და კოცონი დავანთეთ. სამწვადე არ გვქონია, მაგრამ მაინც სასიამოვნო განწყობა შეგვექმნა. ძაღლები ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ, საგზალი მათაც ვუწილადეთ. მერე თელოვანელი მეთევზეებიც შემოგვიერთდნენ, თქვეს, რომ ჭილის ტბა ხელოვნური იყო და რომ საცურაოდ მხოლოდ შუა ნაწილი ვარგოდა. ცოტა ხანში სოფელ თელოვანიდან ამოსული ახალგაზრდებიც ვნახეთ. ისინიც ჟრიამულობდნენ. შესანიშნავი დღე გამოგვივიდა. ავტობუსის გაჩერებასთან ჩასვლამდე ქურთუკზე ტალახი შემაშრა. კი ჩამოვიფერთხე, მაგრამ სათანადოდ მაინც ვერა. თუმცა, ამას ჩემი განწყობისთვის ხელი არ შეუშლია. დიდუბეში  ავტობუსის  ბოლო რეისით ჩამოვედით. უკვე დაბინდებული იყო. ირინამ სიამოვნებით მითხრა, რომ ჭილის ტბის ლაშქრობით და გაზაფხულის სურნელით მთელი ზამთრის უმოქმედობა ჩამოირეცხა.