ბალახი ჩალისფრად ჩანდა. მის თავზე ლურჯ ცას შეზრდილი თეთრი ქულა ღრუბლები გაწოლილიყო. სიო მსუბუქად ცქმუტავდა, მზე თბილად იღვრებოდა. შორიდან მომზირალი ხეები გაშიშვლებულიყო, თავზე კი ქორ-შევარდენნი დაირაობდნენ. მარტის, აი, ამ ლამაზ დღეს თბილისიდან წასულ მოლაშქრეებს სხალტბასთან ასეთი სურათი დაგხვდა.

ჩქაროსნული გზატკეცილიდან წეროვანის აღმართს რომ დავადექით, პოეტურ ხედებზე არც კი გვიფიქრია. უფრო მეტად ზამთარში დაგროვილი ძალების დახარჯვა გვინდოდა. თუმცა, როცა წეროვანიდან სხალტბაში გადავედით, მივხვდით, რომ წინ მშვენიერი ლაშქრობა გველოდა. სხალტბაში კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია ვნახეთ, რომელიც კარიბჭეზე დატანებული წარწერის მიხედვით, ოსტატ მელქან ფურცხვანიძეს 1669 წელს აუგია. თუმცა, ნაშთებით დგინდება, რომ აქ ტაძარი  მე-12 საუკენშიც იყო.
შესასვლელის  ლამაზი ჩუქურთმებით მორთული ბოძები ყველას ძალიან მოგვეწონა.

თბილი ამინდითა და სასიამოვნო გარემოთი დადებითად დამუხტულებმა გეზი ტყისკენ ავიღეთ და ტრიალი მინდორი გადავკვეთეთ. სიღრმეში რომ შევედით, ყვითლად აყვავებული შინდის ხეები შემოგვხვდა. მზეზე ოქროსფრად ბზინავდა. უკვე ფუტკრებიც შესეოდნენ. ჩალისფერზეწრიან მიწაზე კი ყელი ფურისულებს მოეღერათ. ისეთი სილამაზე იყო, ფოტოპარატის ჩხაკუნის ხმა კარგახანს არ შეწყვეტილა.

ქარფებისკენ ნელ-ნელა მივიწევდით. ტყიდან გავედით თუ არა, წინ საოცარი სივრცე გადაგვეშალა. დაბლა ქვაბული იყო, საიდანაც მხოლოდ ბუჩქნარი და პატარა კორომი მოჩანდა. ჩვენი მიზანი დაბლა ჩასვლა და შიომღვიმის მონასტერში მისვლა იყო. ძალიან დიდხანს, იმაზე მეტ ხანს, ვიდრე წარმოიდგენთ, ქარაფების პირას ვიდექით და სივრცეს მდუმარედ გავყურებდით. ვტკბებოდით მზის სითბოთი და ნიავისგან მოტანილი გაზაფხულის სურნელით. თითქოს ამ მშვენიერების სხვისთვის გაზიარება არც გვინდოდა.

რომ გამოვერკვიეთ, დაბლა ჩასასვლელ ბილიკსაც დავადექით. თიხოვანი მიწა ალაგ-ალაგ იშლებოდა და ვცდილობდით, ფეხი ყურადღებით გადაგვედგა. ორიენტირად მთის წვერზე აგებული ტაძარი გვქონდა. იქ თუ მივიდოდით, შიომღვიმემდეც დიდი გზა აღარ დაგვრჩებოდა. პატარა ტყეც რომ გადავიარეთ, შინდის ყვითელი ყვავილებიდან მონასტერიც გამოჩნდა. ენით აუწერლად ლამაზი ხედი გადაგვეშალა. თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა გვევლო. ჯვართამაღლების ტაძარს მივადექით, რომელიც ლამაზი ფრესკებითაა დამშვენებული, იქიდან კი შიომღვიმისკენ დავეშვით.

20-25 წუთში მონასტრის კარიბჭესთან ვიყავით. დაღლას ვერავინ ვგრძნობდით. შესასვლელთან პოლონელი ტურისტების ჯგუფი დაგვხვდა. დიდი კამერით რომ დამინახეს, მათი პატარა აპარატით ჯგუფური ფოტოს გადაღება მთხოვეს. მათმა მეგზურმა  კექსის მაგვარი პოლონური ნამცხვარი შემოგვთავაზა. ორ-ორი  ნაჭერი ძალით აგვაღებინა. ჩვენც გვსურდა,  რამეთი მადლობა  გადაგვეხადა. გამახსენდა, რომ აბგაში „ლიკანის“ ორი  გაუხსნელი ბოთლი მქონდა და მეგზურს მივეცი. შემდეგ მონასტრის ეზოში შევედით, რომელიც ასურელმა მამამ შიომ მე-6 საუკუნეში დააარსა და რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრი იყო. კომპლექსი ბევრჯერ დაუნგრევიათ, მაგრამ ყოველთვის აღდგენილა. თვით დავით აღმაშენებელმა შიომღვიმეში ღვთისმშობლის ტაძარი ააგებინა. აქ უძველესი ტაძარიც არის და რუსული გავლენით მოხატული თითქმის 150-წლოვანი ფრესკებიც.

მონასტრიდან ჩემს მეგობარს ირაკლი წულაძეს დავურეკე და ჩვენს წასაყვანად თბილისიდან მანქანით ჩამოგვაკითხა.

ბალახი ჩალისფრად ჩანდა. მის თავზე ლურჯ ცას შეზრდილი თეთრი ქულა ღრუბლები გაწოლილიყო. სიო მსუბუქად ცქმუტავდა, საღამოს მზე თბილად იღვრებოდა. შორიდან მომზირალი ხეები გაშიშვლებულიყო, თავზე კი ქორ-შევარდენნი დაირაობდნენ. მარტის, აი, ამ ლამაზ საღამოს შიომღვიმეს ვტოვებდით და  თბილისისკენ მივემართებოდით.