მოღრუბლული ამინდი იყო. ფერდობები თოვლის ლაქებით  აჭრელებულიყო, ბალახს ნამი მოსდებოდა, ხეები მკლავებს მოწყენილად იქნევდნენ, ცოტა ციოდა კიდეც, ისე, რომ ამოსუნთქვას ორთქლი მოსდევდა. ასეთი გარემო დაგვხვდა დაშბაშში  ოთხ მოლაშქრეს, როცა სოფლის ბოლო სახლსაც გავცდით და ქარაფს მივადექით, საიდანაც ხეობის დიდი ნაწილი ხელისგულივით ჩანდა. ვითარება შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, ლაშქობა აქედანვე დაგვეწყო.

ქვაღორღიანი საფარის გამო, მანქანით გზას ვერ გავაგრძელებდით.  დაბლა გრძელი ხეობა ჩანდა, სადაც  ზურმუხტისფერი მდინარე ქცია მიიტალღებოდა და შორს, მოსახვევში იკარგებოდა. მისი ტალღები კლდეებს ეხეთქებოდა და ამ ხმას ექო ჩვენამდე აგზავნიდა. მოპირდაპირე კლდიდან კი დაახლოებით 50-მეტრიანი ჩანჩქერი იფრქვეოდა.

მაკა, შალვა, ლედი და მე გაფუჭებულ სამანქანო გზას დავუყევით. დაახლოებით ზღვის დონიდან 1500 მეტრიდან 1100 მეტრზე ჩავდიოდით. მდინარესთან ოც წუთში ჩავედით და 1935 წელს აგებულ ჰესსაც მივადექით. გავხურდით და აღარ გვციოდა, თუმცა, მდინარის ტალღები გრილ სიოს ისვრიდა. დაშბაშჰესი გაპარტახებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ცოტა ხანში იქიდან გამოსული თანამშრომელი რომ არა, ვიფიქრებდით, რომ უმოქმედო იყო. ამ ბატონს ჩანჩქერებისკენ მიმავალი გზის ამბავი გამოვკითხეთ. მდინარეს ვერ გაუყვებით, დასველდებითო. უკან დაბრუნება არ გვინდოდა და ვთქვით, რაც იქნება, იქნებაო და ქციას გავუყევით. ბილიკი არსად ჩანდა, მეორე ნაპირზე გადასასვლელი ხიდი კი მდინარეში ჩავარდნილიყო. ლოდიდან ლოდზე გადავდიოთ და ტოტებს ხელით ვიშორებდით. გაუვალ ჭალებში ბილიკის მოსაძებნად ფერდობებზე ავდიოდით. მდინარის ნაპირები მწვანე ბალახს მოერთო და ნაცრისფერ-ჩალისფერ გარემოს აცოცხლებდა. როგორც იქნა, დიდი ჩანჩქერის შენაკადს მივადექით, რომელიც ზურმუხტისფერ ქციას ჭუჭყისფრად ერთვოდა. მეორე ნაპირზე ვერ გადავდიოთ. ამიტომ გზა განვაგრძეთ. ზოგჯერ უიმედობაც გვეუფლებოდა, გოროზად აღმართული კლდეებით იმ ადგილს ვსაზღვრავდით, სადაც მანქანა დავტოვეთ. ერთგანაც შალვამ შელახულ ბილიკის მიაგნო და როცა ფერდობს აყოლილ ელექტროსადენებს  მოვკარით თვალი, მივხვდით, რომ ნანატრი გზა მალე გამოჩნდებოდა. მალე ჰესის დამხმარე ნაგებობა დავინახეთ. ზუსტად ერთი  საათი დაგვჭირდა, რომ აქ მოვხვედრილიყავით. შორს, მდინარის გადაღმა ხეობის კიდევ ერთი სილამაზე - ჩანჩქერების ფარდა მოჩანდა. იქითკენ წასვლა იმ დროისთვის გადავდეთ, როცა ბუნება იქაურობას მწვანედ მორთავდა და გარემოს უფრო გაალამაზებდა.

ჰესის დამხმარე ნაგებობიდან ჯერ გაფუჭებულ სამანქანო გზას ავუყევით. შემდეგ დაკიდული ფერდობის ბილიკზე გავედით და დაშბაშის წმინდა გიორგის გუმბათიან ტაძართან ავედით, რომელიც წალკის გამგეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია და რომელიც მე-10-მე-11 საუკუნეების მიჯნაზე ერისთავ-ერისთავის რატის დროს აიგო.

ტაძრიდან დაშბაში, იგივე ტაშბაში, ხელისგულივით მოჩანდა. ალაგ-ალაგ ღუმელის კვამლიც ამოდიოდა. გარეთ არავინ იყო. ამ სოფელს ადრე ახალქალაქი ერქვა. „დაშბაში“ კი თურქული სახელია და ქვის თავს ნიშნავს. შორს ჩვენი მანქანაც მოჩანდა და მისკენ გავემართეთ.

მოღრუბლული ამინდი იყო. ფერდობები თოვლის ლაქებით  აჭრელებულიყო, ბალახს ნამი მოსდებოდა, ხეები მკლავებს მოწყენილად იქნევდნენ, ცოტა ციოდა კიდეც, ისე, რომ ამოსუნთქვას ორთქლი მოსდევდა. ამ  გარემოს ვტოვებდით ოთხი მოლაშქრე, როცა სოფლის ბოლო სახლსაც გავცდით, ქართული ტაძრის კიდევ ერთი ისეთი ნაშთი ვნახეთ, რომლის სიახლოვიდანაც ხეობის დიდი ნაწილი ხელისსგულივით ჩანდა.