ამ ადგილებში წყალი დგებოდა და ჭაობდებოდა. ამიტომაც დაერქვა სუჯუნა, მაგრამ 1838 წელმა სოფლის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

დიახ, იმიტომ, რომ დაწყებული გლეხებით და თავად-მთავარ-ეპისკოპოსებით გაგრძელებული, თითქმის მთელმა სამეგრელომ ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც ამ წმინდანის ნაწილები - ყურისა და ხელის თითის ნაწილი და განსაკუთრებული ხატები დაბრძანდა.

„სუ“ თურქულად (შესაძლოა, ლაზურადაც) წყალს ნიშნავს, „ჯუნა“ - შინაარსობრივად ჩახუტებას, მოფერებას, ამ შემთხვევაში, დამდგარს. კიდევ ერთი  განმარტებით, ამ ადგილებში ნესტის გამო სურო ყოფილა გამრავლებული და სუროიანს, სუროშემოხვეულს ნიშნავს.

სუჯუნა აბაშიდან მანქანით 10 წუთის სავალზე მდებარეობს. მეც, როცა ეს მანძილი დავფარე და სოფლის ცენტრში გავჩერდი, თვალში მშვენიერი სამრეკლო და თეთრი ქვით ნაგები ტაძარი მომხვდა. ეზოში ერთი სათნო მონაზონი ხალიჩას გულმოდგინედ ფერთხავდა. მისალმების შემდეგ იქაურობის ამბები გამოვკითხე. სამრეკლოზე მიმითითა, აი, ხომ ხედავ, ამან ააგო ტაძარიო.

შემდეგ ამბები მომითხრო. ნაწილიც სხვა წყაროებიდან შევავსე და გიამბობთ, როგორ აშენდა სუჯუნის ტაძარი.

სოფელში ხის ტაძარი მდგარა, სადაც ძვირფასი ქვებით შემკული ხატები ყოფილა  დაბრძანებული. მე-19 საუკუნის დასაწყისში გაუქურდავთ  და გადაუწვავთ. იმავე ადგილას ისევ ხისა აუგიათ, თუმცა, შედარებით მომცრო.

სუჯუნაში დიდ დღესასწაულებზე დადიანებიც მობრძანდებოდნენ.  როგორც კი ტაძარს დაინახავდნენ, ეტლებიდან ჩამოდიოდნენ და ფეხით განაგრძობდნენ სვლას. ღვთისმსახურებას ხშირად ჭყონდიდის ეპისკოპოსები ასრულებდნენ.

23 აპრილს, გიორგობას სულ ხალხმრავლობა ყოფილა. მომლოცველები ღამისთევით მოდიოდნენ, ეკლესიას მუხლმოყრით  შემოუვლიდნენ და საქონელს სწირავდნენ. სუჯუნის წმინდა გიორგის სულით ავადმყოფებს ავედრებდნენ, ავაზაკებს კი ხატზე გადასცემდნენ.

1834 წელს ჭყონდიდელმა დავით წერეთელმა ქვის სამრეკლოს ასაგებად აგურის დასამზადებელი საწარმო მოაწყო, მაგრამ გადააყენეს და არ დასცალდა, ორი წლის შემდეგ კი მომდევნო ეპისკოპოსმა გიორგი კუხალაშვილმა წინამორბედის გეგმის შესრულება გადაწყვიტა და ტაძრის წინამძღვარს ნიკოლოზ ხოშტარიას ოსტატის მოძებნა დაავალა. მან ქუთაისში  კათოლიკური ტაძრის მშენებელს, იმ დროისთვის განთქმულ ოსტატს, გიორგი ბერძენს მიაკითხა და სთხოვა, ეპისკოპოსი სამრეკლოსთან ერთად ქვითკირის ტაძრის მშენებლობაზეც დაეთანხმებინა.  

ოსტატი მეუფის დაყოლიებას შეეცადა, მაგრამ ჭყონდიდელმა, აგური მხოლოდ  სამრეკლოსათვის თუ გვეყოფაო. გიორგი ბერძენმა მიუგო, ნათალი ქვა მაინც დაგვჭირდება, რადგან სინესტე აგურს მალე დაშლისო. ბეჟან დადიანმა მშენებლობას დიდი რაოდენობით ქვა შესწირა. თურმე,  სოფელმა სუჯუნაში ერთ ღამეში 700 ურემი ქვა მიიტანა.

ხედავთ, - მიუმართავს გიორგის სოფლის გარჯით გახარებული ეპისკოპოსისთვის, - ერთ ღამეში რომ ამდენი მასალა მოზიდეს,  თუ ასე გულანთებულნი არიან, ეკლესიასაც ააშენებენო. ოსტატს ხალხი ერთხმად დაეთანხმა.

სამშენებლო მასალის მოსაპოვებლად შხეფის კლდე ნიკო ბატონიშვილმა გამოჰყო. მშენებლობაში გიორგი ბერძენის მიერ მოყვანილი ოცამდე ოსტატი ჩაერთო. ნაწილი კლდეს ამტვრევდა, ნაწილი ტაძრისთვის თლიდა, ხალხი კი დღე და ღამ სოფლისკენ სიმღერ-სიმღერ ზიდავდა. სუჯუნაში 5-6 ათასი ურემი ქვა დაგროვილა.

ტაძრის მშენებლობა 1838 წელს დაიწყო. ხის ეკლესია მეზობელ სოფელში გადაიტანეს. საძირკველში ყვარის, იმავე თხმელას ახალგაზრდა ხეები ჩაალაგეს, სინესტეში კიდევ უფრო მაგრდებაო, ზედ ლოდები დააწყვეს და შემდეგ კირი მოასხეს.

ახალგაზრდა მონაზონმა ხელები ტაძრისკენ მიმართა და თქვა, აი, ასე მტკიცედ აშენებული ეკლესიაა, თანაც ხალხის ძალისხმევით, საუკუნეებს გაუძლებსო. რომ არა სამრეკლოს მშენებლობის იდეა, ტაძარი, აქ შესაძლოა,  აღარც მდგარიყოო.

მშენებლობა 1846 წელს ეპისკოპოს ანტონ მეორე დადიანის დროს დასრულდა და  აქ ხელახლა დაბრძანდა წმინდა გიორგის რამდენიმე ძვირფასი ხატი, შემდეგ კი -  ჭედური ხელოვნების ნიმუში - ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიც.

1914 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა აღწერა ეს ტაძარი და სიწმინდეები. მოგვიანებით ბევრი ხატი საბჭოთა მთავრობამ მუზეუმში გადაიტანა.

საბჭოთა მთავრობას ვერაფერი დაუკლია ბოლო მღვდლის პეტრე კუციასთვის. მას 1940 წლამდე უმსახურია. ზუსტად 40 წლის შემდეგ სუჯუნაში ტაძარი ისევ ამოქმედდა, რის შემდეგაც სოფლის ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა.