ერთხელაც გადავწყვიტე, სუჯუნას გავცდენოდი და მენახა მისი შემოგარენი. ჯერ სოფელ ზანათის გზას დავადექი, მერე ისევ სუჯუნას ცენტრში დავბრუნდი და წალიკარისკენ გადავუხვიე.

პატარა სოფელია. ზღვის დონიდან, ისევე როგორც აბაშის სოფლების დიდი ნაწილი, 10-15 მეტრია და ამის გამო აქ ბუნება სიმწვანეს დიდხანს ინარჩუნებს. 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქიდან რიონი დაახლოებით 15 კმ-შია და დასახლება აღარ არის. ირგვლივ დიდი ფართობი უკავია სოფლის ყანებსა და საძოვრებს.

სწორედ აქ ვნახე ხის ის აივნები, რის გამოც, აი, ეს პატარა სვეტი დავწერე: წალიკარში ბევრი ოდა სახლია, რომელთა უმრავლესობას მოჩუქურთმებული აივანი აქვს და თანაც ერთნაირი ხელწერით. სოფელში ვერავინ მითხრა, ვინ იყო ის ოსტატი, ვინც წალიკარს მშვენიერი იერი შესძინა. მხოლოდ ის გავიგე, რომ აივნები 1960-იან წლებში გაკეთდა.

წლებია, ქართულ ხის აივნებს ვიღებ, მაგრამ ძალიან ცოტა სოფელი მახსენდება, სადაც ის ასე მრავლად იყოს შემონახული. წალიკარი შენაქოს, უშგულის, ჭყვიშის, დართლოს, მატანის შემდეგ ჩემთვის ამ კუთხით აღმოჩენა იყო. აივნებზე დატანებულია ქართული ბორჯღალი, ყანწი, ფრინველები და მცენარეებიც კი, მაგრამ საბჭოთა ვარსკვლავი ყველა მათგანზეა, რაც ეპოქის გამოძახილია.

შევამჩნიე, რომ ბევრი სახლი დიდი ხნით გამოეკეტათ. აივნების ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია. ხის მასალა დაზიანებულია, ლურჯი თუ მწვანე საღებავი ალაგ-ალაგ ამძვრალია. ხალხს ახლის გაკეთების საშუალება არ აქვს.

_ რისთვის იღებთ ჩემს სახლს, რამე ცუდი ამბავია? - ღობესთან მიმდგარს მეგრული აქცენტით მკითხა ეზოში გამოსულმა ქალბატონმა.

როცა ავუხსენი, რომ სახლს კი არა, აივანას ვიღებდი, დანანებით მითხრა: - მართლა მოგწონთ ჩემი აივანი? მე კიდევ დანგრევას ვაპირებდი.

გავიოცე, რას ამბობთ, ეს თქვენი სოფლის სილამაზეა და არ დაშალოთ. ვუთხარი და თან, ვიცრუე, თუ შეინარჩუნებთ, სახელმწიფო დაგეხმარებათ, რადგან ასეთი აივნიანი სახლების გადარჩენის პროგრამა არსებობს-მეთქი. მერე ეზოშიც შემიშვა, აივანზეც ამიყვანა და უფრო ახლოდან გადაღების საშუალება მომცა.

ჩემთვის გასაკვირი იყო, როდესაც გავიგე, რომ სოფელში თითქმის ყველას სურს, უარი თქვას საბჭოთა სიმბოლოიან, მაგრამ მაინც ქართულ აივანზე. არადა, თუ მართლაც  დაანგრიეს და დაშალეს, წალიკარი თავის კოხტა სახეს დაკარგავს.