ფერდობზე შეფენილ რიყეთს რკინის ხიდით მივადექი. ხიდის ქვეშ მდინარე  მოწანწკარებდა. კალაპოტში უამრავი რიყის ქვა ეყარა. ცოტა იქით, სახლებს შორის მინარეთი მოჩანდა.

გეზი მეჩეთისკენ ავიღე. ბადიან ღობეზე ჩამოკიდებული ჭიშკარი გამოვაღე. მეჩეთში რომ მოვხვედრილიყავი, მასზე მიბჯენილი სახლის შესასვლელი უნდა გამომეყენებინა. ამიტომ „მასპინძელო-მასპინძელო“ დავიძახე. როცა არავინ გამაგონა, შიგნით შევედი. ეტყობოდა, მასპინძლები იქვე უნდა ყოფილიყვნენ, რადგან შესასვლეში მდგარ მაგიდაზე ვაშლები, ჩაიდანი და ჭიქები ელაგა, რომლებიც ჩაისგან ბოლომდე გამოცლილიც არ იყო.

მეჩეთის კარი გამოვაღე და პატარა დერეფანში აღმოვჩნდი,  კიდევ ერთი კარი დამხვდა. წესისამებრ, ფეხზე გავიხადე და  შევედი.  მთელ იატაკზე ხალიჩა ეგო. ხით შემოსილი კედლები მოჩუქურთმებული და მოხატული იყო. ხის ერთ-ერთ სვეტზე წითელი კრიალოსნები ეკიდა. კიდევ რამდენიმე ჯორკო იდგა. ხალიჩაზე, პირით აღმოსავლეთისკენ,   მოხუცი კაცი იჯდა. შესასვლელიდანვე მივესალმე. არ გამომეპასუხა. მისალმება გავიმეორე. არც გამოუხედავს. ალბათ, სმენა დაქვეითებული აქვს-მეთქი და „გამარჯობა“ ახლა ხმამაღლა წარმოვთქვი. ისევ მდუმარედ იჯდა. წინ რომ დავუდექი, მაშინ ამომხედა და ძალიან თბილად გამიღიმა. ხელის აწევით მივესალმე.

საქართველოზე ვლოცულობ, შვილოო - გამომეხმაურა ახმედ ანთიძე და ფეხზე წამოდგა. სმენა მართლაც დაქვეითებული ჰქონდა, მაგრამ ხმამაღალი ლაპარაკით ვაგებინებდი. რიყეთის მეჩეთზე ბევრი ვერაფერი მითხრა. ასი წლისაა, 1994 წელს შეკეთდა, მაგრამ მრევლი ცოტაა, რადგან დიდი ნაწილი სოფლის ახალ მეჩეთში ლოცულობსო.

სოფელს  „რიყეთი“ რიყის ქვის სიმრავლის გამო რქმევია.

ფოტოების გადაღების ნება დამრთო. შემდეგ კარისკენ გავემართე. გამომყვა. როცა მეჩეთზე მობჯენილ სახლში გავედი, შემაჩერა, მოიცადე, ვაშლებს გაგატანო. არა, ბაბუა, ნუ შეწუხდებით-მეთქი _ ვუპასუხე და ეზოშიც გავედი. ვაშლიანი ჯამით გარეთ გამომყვა, გინდა თუ არა, წაიღე, პირი გაისველეო.  ერთ ცალს ავიღებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. შემდეგ კი ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ.

ფერდობზე შეფენილი რიყეთი რკინის ხიდით დავტოვე. ხიდის ქვეშ მდინარე  მოწანწკარებდა. კალაპოტში უამრავი რიყის ქვა ეყარა. ცოტა იქით, სახლებს შორის მინარეთი მოჩანდა. იქ ახმედ ანთიძე საქართველოზე ლოცულობდა.