გუდაური-ყაზბეგისკენ რომ მივდივარ, ხშირად გზად  ანანურის ტაძარში შევივლი ხოლმე. თითქმის ჩვევად მაქვს.

ცხელი ზაფხულის ერთ დღეს ყაზბეგიდან ვბრუნდებოდი, მანქანა ჩემს მეგობარს ანანურის ტაძრის წინ რომ გავაჩერებინე.

შესასვლელთან ჭრელა-ჭრულა ნაქსოვი წინდები და ქუდები იყიდებოდა, მათ შორის, მეცხვარის. ცალკე ნაბადი ეკიდა წარწერით: „ფოტოს გადაღება _ 1 ლარი“. გალავნის შიგნით ეზოში ბავშვები თეთრ ლეკვებს ეთამაშებოდნენ. აღმოსავლეთით  ზანტად დგაფუნობდა ჟინვალის წყალსაცავი,  სანაპიროდან ჟრიამულის ხმა ამოდიოდა. ტაძრის შიგნით კი მესანთლის გარდა, არავინ იყო. ტაძარი მოვათვალიერე, აბა, რამე ხომ არ შეცვლილა-მეთქი. მგონი, არც არაფერი.  ისევ ისეთი კოხტა იყო და სიდიადით მატკბობდა.

ანანურის ტაძარი და სიმაგრე მე-16-17 საუკუნეში აიგო. არაგვის ერისთავთა სამბრძანებლო იქამდე იყო, სანამ მეფე თეიმურაზ მეორემ 1743 წელს საერისთავო არ გააუქმა. საქართველოს დამოუკიდებლობის წართმევის შემდეგ კი ანანურის მაზრად ჩამოყალიბდა.

კომპლექსში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა. მათ შორის, ციხე-კოშკები. ყველაზე დიდი ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი ტაძარია, კიდევ ერთ ტაძარს, ოღონდ ერთნავიანს, მკურნალს უწოდებენ.

მთავარი ტაძრის სამხრეთის ფასადის ჩუქურთმა ერთ-ერთი მდიდრული და შთამბეჭდავია. ვაზი ასე უხვად  არსად, არც ერთი ტაძრის კედელზე არ მინახავს.

სამხრეთის კედელი გამოირჩევა წარწერითაც, რომელიც ტაძრის შესახებ ცნობებს გვაწვდის. თურმე, 1689 წელს არაგვის ერისთავის მდივანბეგმა ბარძიმმა მშენებლობა სარქარს, იმავე მშენებლობის უფროსს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს დაავალა. ამ დროს კახეთს მეფე-პოეტი არჩილ მეორე მართავდა და საერისთავოც მის საზღვრებში შედიოდა.

ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსში კიდევ ერთი ნაგებობა - ქვედა ციხე ჩნდება, რის შედეგადაც ანანური დარიალის ხეობის ყველაზე მნიშვნელოვან მაკონტროლებელ ცენტრად ჩამოყალიბდა.

მე-19 საუკუნეში ანანურში კედლები თეთრად გადაიღება, კანკელი რუსული გახდა. ჩრდილოეთის ფასადზე წმიდა გიორგის დიდი ფრესკაა. მოხატულობის ნაწილი სამხრეთის შიდა კედელსა და სვეტებზეცაა. ამ უზარმაზარ სითეთრეში ფრესკების ფერადოვნება თვალში განსაკუთრებულად მხვდება.

ტურისტების სიმრავლის მიუხედავად, აქ მაინც სიმყუდროვეა. თითქოს, გალავანს შიგნით სულ სხვა ცხოვრება იწყება და სადღაც ქრება 21-ე საუკუნის გიჟური რიტმი.

აი, ასეთია ანანურის კომპლექსი, გუდაური-ყაზბეგისკენ მიმავალი გზად რომ შევუვლი ხოლმე და ვტკბები გვიანი შუა საუკუნეების ამ ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის სიდიადით.