ძალიან ცხელოდა, აი, ისე, სუნთქვა რომ ჭირდა. ანანურის ტაძრიდან ახალი გამოსული ვიყავი და თბილისში დაბრუნება ჯერაც არ მინდოდა.

ჟრიამულის ხმამ მომაფიქრებინა,  ტაძრის გზას ჩავყოლოდი და ჟინვალის წყალსაცავთან ჩავსულიყავი. მართალია, საცურაოს გარეშე ვიყავი, მაგრამ ზანტი ტალღებით მოტანილი ნიავით გაგრილების იმედი მქონდა.

3 წუთიც არ დამჭირვებია, ნაპირს მივდგომოდი. ამდენი ადამიანის ნახვას არ მოველოდი. სანაპირო გადატენილი იყო. ვისაც ფეხით ჩასვლა დაეზარა, მანქანა ლამის წყალში ჩაეყვანა. სადაც ხალვათობა იყო, იქ ნაჭრის სკამებზე ჩამომსხდარი მეთევზეები ხრამულსა და კობრიზე თევზაობდნენ. ერთს, მეჩაიეს, ჭილის ქუდი რომ ეხურა, 4 ანკესიც კი ჰქონდა მომარჯვებული, მაგრამ კალათაში თავმოყრილი მონაგარით დავასკვენი, რომ უიღბლოდ ეთევზავა. არადა, ჟინვალის წყალსაცავი თევზით მდიდარია. გაუქმებულ ხიდთან, რომლის მხოლოდ ერთი თავი ჩანს, მეორე კი წყალშია ჩაძირული და მასთან ერთად გზაც იკარგება, ყველაზე მეტ დამსვენებელს მოეყარა თავი. ბიჭები ხიდის სვეტიდან წყალში ეშვებოდნენ. როცა ფოტოების გადაღება ვთხოვე, მოხდენილად ხტომა მოინდომეს.

როგორც კი წყლიდან თავს ამოყოფდნენ, მაშინვე მეკითხებოდნენ, ჰა, ფოტო გამოვიდა? - და ციფრულ კამერაზე კადრებს ერთად ვათვალიერებდით. თუ არ მოგვწონდა, განსაკუთრებით კი იმ კადრებს, რომლებზეც ხტომისას მხტომელის სახე არ ჩანდა, ხელახლა ვიღებდით. ისიც კი ვიფიქრე, ბიჭებს რამე არ დაემართოთ-მეთქი, მაგრამ ისეთი ფოტოები მაინც გადავიღე, 2-3-ზე მეტი დუბლი რომ არ დამჭირვებია.

მერე სანაპიროს გავუყევი. წყალს მუქი მწვანე ფერი დაჰკრავდა. ტალღები თავს იშვიათად ამოჰყოფდა ხოლმე.

ეს წყალსაცავი  ფერს ხშირად იცვლის _ ხან ლურჯია, ხან  ცისფერი, ხან ფირუზის, ტალახის ფერიც ხშირად დაჰკრავს, მაგრამ ძირითადად მაინც ზურმუხტისფერია.

აქაურობა ლამაზია. თანაც, საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა წყალსაცავია.უფრო მეტად გიორგობისთვის დასაწყისში მომწონს, როცა მწვანე წყალზე შემოკრული ტყეები ოქროსფრად ელვარებს.

ჟინვალჰესის მშენებლობა და დაგუბება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და 1985 წელს ამოქმედდა. რამდენიმე სოფელი და ტაძარი ჩაიძირა. ადრიან გაზაფხულზე წყლის დონის დაწევის დროს, თავად ვნახე გაბზარული, მაგრამ მაინც სრული სახით შემორჩენილი ტაძარი. ერთ-ერთის ნაშთი კი თითქმის სულ ჩანს.

ჟინვალი და წყალსაცავამდე არსებული დასახლებები ისტორიულია. დაბის შემოგარენში დღესაც ბევრი ძეგლია. ერთი გადმოცემა ამბობს, რომ შოთა რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანი“ თამარ მეფეს სწორედ აქ გადასცა.

წყალსაცავი სიგრძით 7 კილომეტრია, სიგანეში კი _ ორი ამდენი, თუმცა, მთებში ისეა შეჭრილი, რომ მასშტაბის აღქმა ჭირს. წყალსაცავში მთიულეთისა და ფშავის არაგვი  ჩაედინება, იქიდან კი მხოლოდ არაგვის სახელით გამოედინება, რომლის სიცოცხლეც სვეტიცხოველთან, მტკვართან შეერთებით წყდება.

ძალიან ცხელოდა. აი, ისე, სუნთქვა რომ ჭირდა. თბილისში დაბრუნება ჯერაც არ მინდოდა, მაგრამ ის პატარა აღმართი მაინც ავიარე, ანანურის ტაძარს გავცდი, მანქანაში ჩავჯექი და შინისკენ წავედი.