სხვა საქართველო ვაშლოვანში

საქართველოში ბევრი ჩამქრალი ვულკანია, მაგრამ თუ გაგიგიათ მოქმედ ვულკანებზე?

დიახ, ჩვენს ქვეყანაში არის ასეთი ადგილი - ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, სადაც ორი მოქმედი ვულკანია_  ქილაკუპრა და ტახტითეფა. გაშლილ მინდორზე წარმოქმნილია ჯერ კიდევ პატარა კრატერები, რომლებიდანაც ნავთობშერეული და აირიანი  ტალახი ბუყბუყით გადმოედინება. ამ ადგილებში წელიწადის ყველა დროს ვარ ნამყოფი, კრატერები ყველაზე მეტად მაის-ივნისში მრავლდება და ბუყბუყებს.

ერთხელ ქილაკუპრას ფერდობს რომ შევუყევი, მელია გადამიხტა. გადასაღებად უკეთესი პოზიცია რომ შემერჩია, ფერდობზე ავიწიე. გვერდით რაღაცამ იხუვლა, მოვიხედე და ტალახი ერთ მეტრზე მაინც ამოიფრქვა. ასეთი რამ ადრე არ მენახა. ფოტოს გადაღება მეტ-ნაკლებად მოვასწარი კიდეც.

ტახტითეფას და ქილაკუპას კრატერები  ხშირად იცვლის ადგილებს. ამიტომ, როდესაც არ  უნდა ჩავიდე, ყოველთვის ახალი სურათი მხვდება. ქილაკუპრას ერთ-ერთი კრატერი კი მაინც სულ ერთსა და იმავე ადგილზეა, 3-4 მეტრის რადიუსისაა და ტალახი ღარივით მიედინება ხეობისკენ. ერთხელ თითი ჩავყავი, ცხელი თუ არა, თბილი თუ მაინც არის-მეთქი, მაგრამ ცივი იყო.

ბუნების ორივე ძეგლი აზერბაიჯანის საზღვართან, ქართველი მესაზღვრეების საგუშაგოებთან მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 50 და 62 კმ-ის დაშორებით. ამიტომ, ჯერ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას ვაკითხავ რეგისტრაციისთვის. მცველები მესაზღვრეებს სტუმრის მისვლას აცნობებენ და მერე თავისუფლად მივდივარ. ხანდახან რომელიმე მათგანი მომყვება კიდეც, რომ აზერბაიჯანში არ გადავიპარო. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართულ აფრიკასაც ვუწოდებ, ბუნების უამრავი ძეგლია - მიჯნისყურე, ბუღამოდეანი, ჭაჭუნას აღკვეთილი, ალესილები, მერცხლების ქალაქი. ამაზე შემდგომ მოგითხრობთ, მაგრამ ტახტითეფასა და ქილაკუპრას უნახავად არ უნდა წამოხვიდეთ. ეს სხვა საქართველოა, აქ კრატერებია, რომლებიც სულ ბუყბუყებს და საიდანაც აირიანი და ნავთობშერეული ტალახი გადმოედინება.