ნინოსხევი თხლად მორაკრაკებდა. გატოპვა რთული არ იქნებოდა, მაგრამ ფეხის დასველება არ მინდოდა. ხელსაყრელი ფონის მოძებნა დავიწყე და იმედი რომ გადამეწურა, მდინარეში ჩარგული ლოდები შევნიშნე. ხტუნვა-ხტუნვით მარცხენა ნაპირზე გადავედი და გურგენიანის ჩანჩქერისკენ მიმავალ ბილიკს დავადექი.

ერთი შეხედვით, მარტივი გზა იყო. ბილიკი კარგად ჩანდა. ცოტა მაღლა რომ ავიწიე, მდინარის ჩუხჩუხის ხმა დაიკარგა. ჩიტები საამოდ  ჭიკჭიკებდნენ, მაგრამ რა სახეობის, ვერ გავარკვიე. მერე ცოტა კიდევ ავიწიე. აქ კი ბილიკი დამეკარგა. ხეები გახშირდა. ახლა მგელი არ მეცეს-მეთქი, გავიფიქრე. ძირს დაგდებული ჯოხი ავიღე, მაგრამ დავეყრდენი თუ არა, გატყდა.

ბილიკისთვის რომ მიმეგნო, ისევ მდინარის პირას ჩავედი, მაგრამ იქ იკარგებოდა. მერე ვიაზრე, რომ მდინარე ჩანჩქერიდან მოედინებოდა და ნაპირ-ნაპირ სიარული გადავწყვიტე.

 

ზოგან წყალი ისე მოედინებოდა, რომ დამრეც ფერდობებზე ასვლა მიწევდა. ერთგან მდინარეზე გადებული ხე შევნიშნე. კუსტარული მოაჯირით მივხვდი, რომ ხიდის დანიშნულებას ასრულებდა. მივედი. ბილიკის მოსაძებნად გადავიარე და დავინახე, რომ გზა სოფლისკენ ჩადიოდა. ხიდი უკან გადმოვიარე და ნანატრ ნაკვალევსაც მივადექი. ამის შემდეგ გზა აღარ ამბნევია. თანაც, უფრო თვითდაჯერებულიც გავხდი, სწორად მივდივარ-მეთქი. თურმე, ისე ჩქარა მივლია, 45 წუთში ლაგოდეხის ნაკრძალის ულამაზეს სანახაობასთან ვიყავი. წინა დღით ჩანჩქერზე კარვებით ამოსულმა უცნობმა ბიჭებმა არ დამიჯერეს, საათ-ნახევარი-ორი საათის გზააო.

არც ამომისუნთქავს, განსხვავებული ფოტოების გადასაღებად სველ და მკვეთრ ფერდობს შევუდექი. ფეხი ისე მისრიალებდა, ანწლებსა და ეკლიან ბუჩქებს ვებღაუჭებოდი. ბოლომდე ვერ ავედი. ამასობაში უფროსი მეგობარი ბადრი ვადაჭკორია და მცველი გოგი ამოვიდნენ, სრულიად დასვენებულნი. ვერავინ იტყოდა, რომ ამ ჭარმაგ ხალხს 7 კილომეტრი გაევლო. დადგა ბადრი, ერთი ამოისუნთქა და 40-45 მეტრიანი ჩანჩქერის გადაღება დაიწყო. მეც ჩვეულ საქმეს დავუბრუნდი. ცოტა განსხვავებული კადრებისთვის კი მოლაშქრეებს ცურვა და წყალში გადახტომა ვთხოვე.

უკან გზაზე კვლავ მარტო დავეშვი. ამჯერდა მდინარეზე გადებული ხე-ხიდი გადავკვეთე. მერე მდინარეში ჩარგულ ლოდებს მივადექი, დილა გამახსენდა. ხტუნვა-ხტუნვით მარცხენა ნაპირზე გადავედი, მერე ისევ უკან გადმოვედი და სოფლისკენ დავეშვი. ზუსტად 45 წუთში ისევ იქ ვიყავი, საიდანაც მარათონი დავიწყე.