ის იყო, სათაფლიას მღვიმიდან გამოვედი,  ასე, 12 წლის ბიჭი მომიახლოვდა, ბრძნული გამომეტყველებით შემათვალიერა, ქვემოდან ზემოთ ამომხედა, თვალები ოდნავ მოჭუტა და ქუთაისური კილოთი მომმართა:

  • აი „ტუნელი“ ვინ გამოქვაბა, ბიძია?
  • „ტუნელი“ კი არა, მღვიმეა, - მივუგე და მოკლედ მოვუყევი სათაფლიას ისტორია.

ჯერ თვით სახელია საინტერესო - უწინ აქ ბევრი ფუტკარი ყოფილა და თაფლს უხვად იღებდნენ. იმასაც ამბობდნენ, ფუტკრები ცაში რომ აფრინდებოდნენ, ზუზუნის ხმა ქუთაისამდე ისმოდაო.

აი, ამ თაფლივით ტკბილ ადგილას, სადაც თაფლი ჯერაც არ მინახავს, ხშირად მიყვარს მოსვლა.

რომ არა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანის დაუცხრომელი კვლევა-ძიება, სათაფლია ერთ რიგით მთად დარჩებოდა.

1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა და მისმა თანამოაზრეებმა უძველესი საცხოვრებლების ძებნის დროს კარსტული მღვიმე აღმოაჩინეს. პეტრე ჭაბუკიანი ძიებამ ისე გაიტაცა, რომ 8 წელიწადში დინოზავრების ნაფეხურებს მიაგნო. მეცნიერთა ვარაუდით, აღმოჩენა ცარცული პერიოდისაა და 70 მილიონი წლის წინანდელია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სათაფლიას დინოზავრის ნაკვალევი საქართველოში ყველაზე ძველი ძეგლია.

საბჭოთა მთავრობამ აღმოჩენები დააფასა და 1935 წელს ტერიტორია ნაკრძალად გამოაცხადა.

ბევრმა არც იცის, რომ სათაფლიას ტურისტული მღვიმის გარდა, მახლობლად კიდევ ოთხი მღვიმეა. ყველაზე ლამაზად სწორედ ის განათებული მღვიმე მიიჩნევა, რომლის შუაში დიდი ნაღვენთია, გულს წააგავს და სიყვარულის დარბაზს უწოდებენ. როცა ამ გულთან ვიდექი, უცხოელი დამთვალიერებლები მოვიდნენ, ეცნენ და ხელის ფათური დაუწყეს. მერე ნაღვენთზე ჯიბე შევნიშნე, ხელს მაჯამდე ჰყოფდნენ. რას შვრებით, რატომ ეხებით, შეიძლება დაზიანდეს ან მიკრობებისგან დაავადდეს-მეთქი, თითქმის გავუბრაზდი. სად იყო და სად არა, ქართველი მეგზური გამოჩნდა, ნუ ბრაზობთ, ბატონო, ტრადიციაა, ხელს ყოფენ და სურვილებს ჩაუთქვამენო.

სათაფლიაში ულამაზესი კოლხური ტყეა. აქ სეირნობა დიდი სიამოვნებაა, ისევე  როგორც მინის ჯებირიანი და ძირიანი გადასახედიდან იმერეთის ხედებით დატკბობა. ერთი ბუნებამ შექმნა, მეორე - ადამიანმა.

12 წლის მოსწავლის შეკითხვას კი, „აი „ტუნელი“ ვინ გამოქვაბა, ბიძია“, პასუხი იმ ნაკადულმა გასცა, მილიონობით წლის წინ მღვიმეში წვეთებით რომ შეიკრა და დღის სინათლეზე გამოსასვლელად და მდინარე ოღარასთვის დასაბამის მისაცემად გზა რომ გაიკაფა.